top of page

თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე - ცნობიერი კრანიოტომია

წინამდებარე სტატიაში ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი ისაუბრებს ცნობიერი კრანიოტომიის შესახებ, რა არის, როდის კეთდება და რას მოიცავს გაღვიძებულ პაციენტზე თავის ტვინის ოპერაცია. 


საუკეთესო ნეიროქირურგი თბილისში ნეიროქირურგი ატარებს თავის ტვინის ოპერაციას გაღვიძებულ , ცნობიერი კრანიოპაციენტზე

რას ნიშნავს გაღვიძებულ პაციენტზე ტვინის ოპერაცია და როდის გამოიყენება იგი?


ტვინის ოპერაცია ცნობიერ, ანუ გაღვიძებულ პაციენტზე (ცნობიერი კრანიოტომია), არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც ტარდება ფხიზლად მყოფ პაციენტზე. ამ ტიპის ოპერაციები კეთდება ტვინის სიმსივნეების, სისხლძარღვთა პათოლოგიების (მაგ. არტერიოვენოზური მალფორმაციები) ან ეპილეფსიური კერების დროს, როდესაც ოპერაციის მსვლელობისას საჭიროა რეალურ დროში შეფასდეს გარკვეული ტვინის ფუნქცია. ასეთი ოპერაციის მთავარია მიზანია, რადიკალურობის გაზრდა და ამავდროულად ტვინის კრიტიკული ფუნქციების შენარჩუნება.


როგორია ცნობიერი ტვინის ოპერაციის პროცესი? 


ოპერაციის პროცესი მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს:


დასაწყისში, ოპერაციის მიდამოს კანს და რბილ ქსოვილებს ვაყუჩებთ ადგილობრივი ანესთეზიის შეყვანით. ეს უზრუნველყოფს პაციენტისთვის ოპერაციიც საწყისი ეტაპის კომფორტულობას. კანის და რბილი ქსოვილების მობილიზაციის შემდეგ, კეთდება კრანიოტომია. არსებობს თავის ტვინის ოპერაციის გაღვიძებულზე ჩატარების ორი მეთოდი. ერთი, როდესაც პაციენტი ფხიზლად რჩება მთლი პროცედურის განმავლობაში (ცნობიერი კრანიოტომია), მეორე როდესაც მას აღვიძებენ მხოლოდ იმ ნაწილისთვის, როდესაც ნეიროქირურგი უახლოვდება ან მანიპულირებს თავის ტვინის მნიშვნელოვანი ცენტრის ახლოს (მძინარე-ცნობიერი-მძინარე). მნიშვნელოვან უბნებს მიეკუთვნება მამოძრავებელი და სენსორული ცენტრები (პრეცენტრალური და პოსტცენტრალური ხვეული), ან მეტყველების წარმოქმნის უბანი/ბროკას უბანი (უკანა ქვედა შუბლის ხვეული დომინანტურ ჰემისფეროზე) და მეტყველების აღქმის უბანი/ვერნიკეს უბანი (საფეთქლის ზედა ხვეულის უკანა სეგმენტი დომინანტურ ჰემისფეროში). 


კრანიოტომიის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ ტვინის უბნების მონიშვნას, რათა განვსაზღვროთ და დავიცვათ ტვინის ძირითადი ფუნქციები. ჩვენ ხშირად ვიყენებთ სპეციალურ ელექტრდებს ტვინში პათოლოგიური დაზიანების მიმდებარე უბნების სტიმულირებისთვის. ასევე პაციენტს შეიძლება ვთხოვოთ, რომ შეასრულოს ესა თუ ის ქმედება ან უპასუხოს კითხვებს, სანამ ჩვენ ამ უბნების სტიმულირებას ვახდენთ. 


ტვინის ამა თუ იმ კრიტიკული ზონის მონიშვნის შემდეგ, ვაგრძელებთ პათოლოგიური ქსოვილის მოცილებას. მუდმივი მონიტორინგი და პაციენტის ფუნქციების რეალურ დროში შეფასება გვეხმარება ოპერაციის დროს გადაწყვეტილების მიღებაში და უმეტეს შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ არ გავცდეთ უსაფრთხო ზღვარს. მაგალითად, თუ ჩვენ ვაშორებთ სიმსივნეს, პაციენტის პასუხები გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რამდენი ქსოვილის ამოღება შეიძლება უსაფრთხოდ. ამ გზით, ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით სიმსივნის მოცილების რადიკალურობას და მინიმუმამდე ვამცირებთ ტვინის ჯანსაღი ქსოვილის დაზიანებას.


რა არის გაღვიძებულ პაციენტზე ტვინის ოპერაციის ძირითადი სარგებელი?


ნობიერ პაციენტზე ტვინის ოპერაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:

  1. ტვინის ფუნქციის შენარჩუნება: ის საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ და დავიცვათ ტვინის კრიტიკული ფუნქციები, როგორიც არის მეტყველება, მოძრაობა ან მგრძნობელობა, რაც ამცირებს ოპერაციის შემდგომი ნევროლოგიური დეფიციტის განვითარების რისკს.

  2. სიმსივნის მოცილების რადიკალურობა: თავის ტვინის ონკოლოგიის შეთხვევაში, გაღვიძებულ პაციენტზე ოპერაცია ხშირად საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად ამოვიღოთ ტვინის სიმსივნე, რაც აუმჯობესებს პაციენტის გრძელვადიან პროგნოზს. 

  3. ეპილეფსიის მქონე პაციენტებისთვის, ასეთი ოპერაცია ხელს უწყობს იმ ეპილეფსიური აქტივობის უბნის მაღალი სიზუსტით დადგენას, რომლებიც შეიძლება ამოიჭრას უსაფრთხოთ ეფექტური მკურნალობის მისაღწევად.

ვინ არის იდეალური კანდიდატი გაღვიძებული ტვინის ოპერაციისთვის?


ცნობიერ პაციენტზე ტვინის ოპერაცია განიხილება ტვინის სიმსივნეების მქონე პირებისთვის, როდესაც ონკოლოგიური კერა, თავის ტვინის კრიტიკულ უბანში ან მის მახლობლად მდებარეობს, ასევე ეპილეფსიის მქონე პაციენტებისთვის, რომელთა ეპილეფტიური აქტივობის უბანი წარმოიქმნება თავის ტვინის ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილებში. 

გადაწყვეტილება მიიღება ექსპერტთა მულტიდისციპლინური ჯგუფის ყოვლისმომცველი შეფასების შემდეგ.


ხაზგასასმელია, რომ გაღვიძებულ პაციენტზე ტვინის ოპერაცია არის უაღრესად სპეციალიზებული პროცედურა, რომელიც მოითხოვს კვალიფიციური სამედიცინო გუნდის და პაციენტის ფრთხილად შერჩევას. 


საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

Tel: +995 599820404


არჩილ ერისთავი - ნეიროქირურგი, 22 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, 9 წელი დიდ ბრიტანეთში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები.

მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია. მათ შორის, 2021 წლის მაისში მან საქართველოში ჩაატარა თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე (ცნობიერი კრანიოტომია).


სწორედ ამ ოპერაციის შესახებ საუბრობს არჩილ ერისთვში გადაცემაში "ექიმები":



Comments


bottom of page